თვითმმართველობის არჩევნები - დაპირისპირება ოპოზიციაში 

ბრძოლის ერთობლივ სტრატეგიაზე შეთანხმება მიუღწეველ ამოცანად რჩება ოპოზიციურ ფლანგზე.

არცთუ შორეულ წარსულში ერთმანეთთან თანამშრომლობის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალების გზები თვითმმართველობის არჩევნებმა საბოლოოდ გაყო. კრიტიკის და თავდასხმების მთავარი სამიზნე „ლელოა“, რომელიც როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის პოზიციის და ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერის მიუხედავად, პოზიციის გადახედვას და 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის გეგმის შეცვლას არ განიხილავს. ამ ფონზე პატიმრობაში მყოფი ხაზარაძე-ჯაფარიძის მისამართით შეურაცხმყოფელი და მწვავე განცხადებები სულ უფრო ხშირდება იმ პოლიტიკური აქტორებისგან, რომლებიც მუნიციპალურ არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებენ და ფარსად განიხილავენ და მისი ბოიკოტირების კამპანიას გეგმავენ. ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება ყოველდღიურად ღრმავდება – ბრალდებებს „ლელო“ დუმილით პასუხობს. უთანხმოების თემების დაძლევისკენ, საერთო სამოქმედო გეგმის მომზადებისკენ და ერთიანობაზე კონცენტრირებისკენ ცალკეული ლიდერების მოწოდებები კი უპასუხოდ რჩება.