„ლელოს“ წევრების განცხადებამ ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოება გაამძაფრა. მამუკა ხაზარაძის პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების თემაზე დღემდე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებდა, მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დანარჩენ ოპოზიციას კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. ირაკლი კუპრაძე თბილისის მოგებას რეალობად მიიჩნევს. გრიგოლ გეგელია კი პარტიის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თემის გარშემო ფართო დისკუსიებს და მსჯელობას ითხოვს და არგუმენტად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ასახელებს. რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, შეთავაზება შეთავაზებად დარჩება. „ნაციონალური მოძრაობა“ და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. პოზიციას არ ცვლის და ნებისმიერი, მათ შორის მერების და საკრებულოების არჩევნებისთვის მზადებას ადასტურებს ყოფილი პრემიერის გუნდი. არაერთგვაროვანი მოსაზრებების გამო გახარიას და ხაზარაძის პარტიების მიმართ ტონი სულ უფრო მწვავდება.