თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციასთან „ისლამური სახელმწიფო“ კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაცია იზმირში ჩაატარეს. დაკავებულია 10 უცხოელი, რომლებსაც ტერორისტულ დაჯგუფებასთან „ისლამური სახელმწიფო“ კავშირში სდებენ ბრალს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ცხრა დაკავებული სირიის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და სხვა დოკუმენტები.