თსუ-ს აკადემიური საბჭოს განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე – ფინალური გამოცდების ონლაინრეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით იმსჯელა და ერთხმად დააფიქსირა პოზიცია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ-დასწრებით ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა.

აკადემიური საბჭო ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიესალმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – თბილისის გარდა, კიდევ ორ ქალაქში გახსნას საგამოცდო ცენტრები. საბჭოს რეკომენდაციით, სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში ან ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, საგამოცდო პერიოდში თსუ საერთო საცხოვრებელში უფასოდ განთავსებას შესთავაზებს.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.