რა მიზნით ჩამოიყვანეს საქართველოში ათი მცირეწლოვანი ბავშვი და იგეგმებოდა თუ არა მათი ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანა, სადაც, შესაძლოა, ბავშვების გაყიდვას აპირებდნენ. საქმე ტრეფიკინგის მუხლით აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საუბარია ბავშვებზე, რომლებიც ინტოქსიკაციის დიაგნოზით, ჯერ ზუგდიდის ჰოსპიტალში შეიყვანეს, ამ დროისათვის კი მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. მათგან ყველაზე პატარა შვიდი თვის ჩვილია. სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს ამ წუთებში ქალბატონი, რომელმაც მცირეწლოვნები საქართველოში ჩამოიყვანა.
ირმა ჭოლაძე ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და ის ახლა ქუთაისიდან გვერთვება – რა ინფორმაციის მოპოვება მოხერხდა ამ დროისათვის?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ტრეფიკინგის მუხლით აღძრა. უწყების ცნობით, რამდენიმე დღის წინ, 8 აპრილს, მოსკოვი-თბილისის რეისით, საქართველოში უკრაინის მოქალაქე ჩამოვიდა, რომელსაც ათი მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა თან. სამინისტროს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. ის საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას.
ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. ამ ფაქტმა კი გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავდა. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან. ზუგდიდის მცხოვრებლები კი, რომელთა მეზობლადაც ქალბატონი ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა, ჰყვებიან, რომ მცირეწლოვნები გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა სწორედ მათ გამოიძახეს, რადგან ოთახიდან ბავშვების ტირილის ხმა ესმოდათ. სახლში შესულებს კი მოზარდები, ტანსაცმლის გარეშე, შიშვლები დახვდნენ.