ტრამპმა „გრემის აქტით“ გათვალისწინებული სანქციები შეაჩერა
ტარიფების დაწესებისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ზოგიერთი სანქცია შეაჩერა. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი აღარ იმოქმედებს. გამონაკლისის დაშვება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ახსნა.„ბლუმბერგის“ ცნობით, ტრამპმა რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტთან დაკავშირებული ტარიფები შეაჩერა. გამოცემა წერს, რომ ეს შეზღუდვა დიზელის ფასის შემცირების მცდელობას ართულებდა. ბრძანება ტარიფებს ფორმალურად აწესებს, თუმცა, მათ გამოყენებას აჩერებს, შესაბამისად, მოგვიანებით ტრამპს მათი ამოქმედება ისევ შეუძლია.
სენატორ ლინდსი გრემის კანონი საშუალებას იძლეოდა, ტრამპს რუსული ნავთობის ხუთი უმსხვილესი მყიდველის ყველა საქონელზე 100-პროცენტიანი ტარიფი დაეწესებინა. ის ასევე ითვალისწინებდა არაერთი რუსული იურიდიული პირის სანქცირებასა და რუსული ენერგომატარებლების აშშ-ში იმპორტზე 500-პროცენტიანი ტარიფის დაწესებას.
ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ენერგეტიკული შეთანხმება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, რომლის საფუძველზეც, რუსული ნავთობპროდუქტები ამერიკულ და გლობალურ ბაზრებზე დაბრუნდა. ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ რუსეთთან ამგვარი თანამშრომლობა საწვავის ფასებს შეამცირებს.