ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები, შესაძლოა, წარუმატებლობით ან უდიდესი გარიგებით დასრულდეს, რაც კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას მშვიდობა სურს და მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ბალისტიკურ რაკეტებს არ გაუშვებს.

მიმდინარე კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრა შესთავაზა, რასაც დონალდ ტრამპი დასთანხმდა.

შეხვედრა, შესაძლოა, მაისის ბოლომდე შედგეს, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადებას გაურკვეველი დრო დასჭირდეს.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრა არ შედგება, თუ ფხენიანი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.