ტრამპის წერილი – პრემიერის გამოხმაურება
„ჩვენი სურვილია გადავტვირთოთ ურთიერთობები, ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპის წერილს, რომელიც ირაკლი კობახიძემ გუშინ მიიღო. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აღდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და ისინი მოთმინებით ელოდებიან ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპი გამოგზავნილ წერილში მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას. „გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ” – ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.