ტრამპის წერილი – გამოხმაურება
დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გამოგზავნილ წერილს ქართული პოლიტიკური სპექტრი არაერთგვაროვნად აფასებს. ოპოზიციის აზრით, ერთი წერილით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათი მოლოდინი გამართლდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ამერიკაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო და ერთი წელი დასჭირდა, რაც ბაიდენის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის შედეგია.
„ქართულ ოცნებაში“ დონალდ ტრამპის წერილს მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებენ, რასაც მათი პროგნოზით, ურთიერთობებში ახალი ნაბიჯები მოჰყვება. დონალდ ტრამპი გამოგზავნილ წერილში მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას.