როგორ აისახება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა მსოფლიო დღის წესრიგზე – წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნებში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაკეთებული განცხადებები გლობალური ცვლილებების მოლოდინს აჩენს.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტები და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების დასრულების გზავნილი. მედია უკვე წერს იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომლებიც აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შესახვედრად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ საარჩევნო რბოლის დროს ტრამპი ქვეყანაში არსებული პრობლემების და არასწორი საგარეო პოლიტიკის მიღმა მთავრობის ჩრდილოვანი წარმომადგენლებისა და ბიუროკრატების. ე.წ. დიფ-სთეითის კვალს ხედავდა და მისი დასრულების პირობას დებდა. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევს და თვისობრივ ცვლილებებს ელოდება საქართველოს ხელისუფლებაც. ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უკიდურესად არის გამწვავებული და ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია. მმართველი გუნდი ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება. თუმცა ამ ოპტიმიზმს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. მმართველი პარტიის ოპონენტთა ნაწილი ხელისუფლების შეცვლის და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. ანალოგიური გზავნილებით აშშ-ის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც.