დონალდ ტრამპის მიდგომები და უკრაინის პრეზიდენტის მიმართ პოზიციონირება ახლა გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა.
ომის თემაზე გაკეთებულმა განცხადებებმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოშიც. ხელისუფლების ხედვა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციებთან სრულ თანხვედრაშია. მმართველი გუნდი საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გაკეთებულ იმ კომენტარებზე მიუთითებს, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს პირდაპირ ემთხვევა. არაერთგვაროვანია გამოხმაურება ოპოზიციურ ფლანგზე. ოპოზიციის ნაწილი ზელენსკის კრიტიკის ნაწილში ოფიციალურ ვაშინგტონს არ ეთანხმება. მეორე ნაწილი ზოგადი განცხადებებით იფარგლება და საომარი მოქმედებების დასრულების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ბევრად უფრო თამამები არიან შეფასებებში ოპოზიციის მხარდამჭერი სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკა დაიწყეს.