ტრამპი-პუტინის შეთანხმება – უკრაინის და ევროკავშირის პოზიცია
ენერგეტიკული ზავი ირღვევა – რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებს არ წყვეტს. დონალდ ტრამპის მიერ ზავის ამოქმედების გამოცხადებიდან საათების შემდეგ დარტყმების სამიზნედ არაერთი სტრატეგიული ობიექტი იქცა. უკრაინის პრეზიდენტი ზავის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთს საპასუხო ზომებით ემუქრება და აშშ-სგან რეაგირებას ითხოვს. თუმცა დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებების ფონზე აშშ-სა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაძაბულია. ის, რაც უსამართლობად ფასდება ოფიციალური კიევის მხრიდან, ამერიკელი ხალხის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანია ტრამპისთვის. იგულისხმება შეთანხმება, რომელიც რუსული დიზელის ამერიკისა და მსოფლიო ბაზრებისთვის მიწოდებას გულისხმობს. რეზონანსულ ნაბიჯს ამერიკის პრეზიდენტის არანაკლებ რეზონანსული განცხადება მოჰყვა – ტრამპმა ზელენსკის ომის დასასრულებლად არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმაზე მიუთითა და უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი კიდევ ერთხელ გაააქტიურა.