ტრამპი აქციებზე ნიღბების გამოყენებას კრძალავს

ლოს ანჯელესში შესრულებული სამუშაოსთვის დონალდ ტრამპი ეროვნულ გვარდიას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „რადიკალი მემარცხენეების პროტესტები შეწყნარებული არ იქნება“. ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე არაკომპეტენტური უწოდა კალიფორნიის გუბერნატორსა და ლოს-ანჯელესის მერს. როგორც დონალდ ტრამპი წერს, ისინი ვერ გაუმკლავდნენ ამოცანას, ისევე როგორც ვერ გაუმკლავდნენ ხანძრებს. ტრამპი წერს: „წამქეზებლებისა და ხშირად პრობლემების შემქმნელების მიერ დაფინანსებული ორგანიზებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული. ასევე, ამიერიდან ნიღბების ტარება არ დაიშვება საპროტესტო აქციებზე. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ?“, – წერს შტატების პრეზიდენტი.