„თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკსა” და მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია „მოამბეს“ სასამართლოში დაუდასტურეს. მათი ცნობით, დავის საგანი საკრედიტო ურთიერთობებია, სამოქალაქო სარჩელი კი, მიმდინარე თვის დასაწყისში დარეგისტრირდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სარჩელით, „თიბისი ბანკი” იმ სადავო 17 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს, რომელ ტრანზაქციაზეც გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

მარტელო გრუპ ლიმიტედიც” ამ საქმეში ფიგურირებს. დღეისთვის ის ითვლება სადავო 17 მილიონი დოლარის სესხის ვალდებულების შემსრულებლად „თიბისი ბანკში”, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წელს ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებზე გასესხდა. გამოძიების ინფორმაციით, იმავე დღეს თანხა ბანკის ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე გადაირიცხა, საბოლოოდ კი, სესხი ჩამოიწერა და ყველა ვალდებულება ოფშორში დარეგისტრირებულ „მარტელო გრუპ ლიმიტედზე“ გადაფორმდა. ამ მოტივით, გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით არის დაწყებული.

„თიბისი ბანკი“ ამ დროისთვის სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით კი, ეს სარჩელი მოწმობს, რომ გამოძიება ტყუის და 2008 წელს სესხის ჩამოწერა არ მომხდარა.