ერთკვირიანი გამოკითხვების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს. დაახლოებით 15-მდე პირმა გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა, მათ შორის არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ბიზნესმენები. გამოკითხულთა უმრავლესობა მედიასთან დეტალებზე არ საუბრობს და მიზეზად გაუთქმელობის ხელწერილს ასახელებს. თბილისთან ერთად გამოკითხვები მიმდინარეობს ბათუმშიც. საქმეზე, რომელსაც გრიფი – საიდუმლო ადევს, მწირი კომენტარი გაკეთდა სუს-შიც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება პოლიტიკურ სპექტრში ისევ ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია მიმდინარე პროცესს არასერიოზულს უწოდებს და ოპონენტების დაშინების მცდელობად მიიჩნევს. მმართველი გუნდი დანაშაულებრივი სცენარის მთავარ ავტორად რადიკალურ ოპოზიციას ასახელებს და სუს-ის ეფექტიანად მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას.