თეა წულუკიანის გამოსვლა პარლამენტში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

რვა საათის განმავლობაში უსმენდნენ გუშინ მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატები თეა წულუკიანს. მიმდინარე და ახალ პროექტებზე, გეგმებსა და გამოწვევებზე საუბრის პარალელურად, წულუკიანმა უპასუხა იმ კითხვებსაც, რომელიც მას ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატებმა დაუსვეს.

თეა წულუკიანის მოსმენა პოლიტიკურ დებატებსა და სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა თაკო ჩარკვიანის გამოსვლა, რომელმაც გუშინ ერთჯერადად ბოიკოტი შეწყვიტა და თეა წულუკიანის მოსმენას დაესწრო.

ოპოზიცია წულუკიანს სიძულვილის ენის გამოყენებასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. უმრავლესობა კი ოპოზიციას აკრიტიკებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მინისტრის გამოსვლას მომავალზე ორიენტირებულად აფასებენ.