თბილისში მყოფმა მაღალი რანგის სტუმრებმა საქართველო დატოვეს

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში საქართველოში ვიზიტად მყოფმა მაღალი რანგის სტუმრებმა საქართველო უკვე დატოვეს. მანმადე კი პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ათი წლის წინ რუსული აგრესიის დროს, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების პროცესსა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში გამოიჩინეს.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ სპეციალური კომუნიკეს მნიშვნელობასაც, რომელიც ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ათი წლისთავზე მიიღო. შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა მაღალი რანგის სტუმრებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.