პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო. მისი განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დარჩენის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები სახეზეა.
დაკავებულებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ედავებიან. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესზე ადვოკატები ბრალდებულების დაცვის ნაწილში უფლებების დარღვევაზე მიუთითებდნენ და ასევე ითხოვდნენ საქმეში დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი. ასევე უფლებადამცველების მოთხოვნა იყო მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა მიიჩნევდა, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უნდა დაერთოს საქმეს.