თბილისის მთავრობის სხდომა

დედაქალაქში არსებული საცობები იყო მთავარი თემა თბილისის მთავრობის სხდომაზე. კახა კალაძის თქმით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ბოლო დღეებია განსაკუთრებით გადატვირთულია მოძრაობა, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება. მისი თქმით, მელიქიშვილისა და წამებულის ქუჩების რეაბილიტაცია გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, რის გამოც მოსახლეობას ბოდიშს უხდის. კალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც შემდგომში ქალაქში გადაადგილებას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

მელიქიშვილისა და წამებულის ქუჩების რეაბილიტაციის შემდეგ, წერეთლის გამზირის, მომავალი წლისთვის კი კოსტავას, რუსთაველისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა და ამ დროისთვის ქალაქს 672 ავტობუსი ემსახურება.