თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. კახა კალაძემ ხუთ დაგეგმილ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ამ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩის N58-ის მიმდებარედ არსებული ღია ხევის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით, რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო. დიდუბის გამგეობა დიღმის მასივის მე-2 კვარტალში ე.წ. სოფიას სკვერის სრულმასშტაბიან რეაბილიტაცია ახორციელებს. კოსმონავტების სანაპიროს N45ბ-ის მიმდებარედ კი – საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 20-მდე ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის მოწყობას. ვაკის რაიონში კი უსაფრთხოების მიზნით, ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.