თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისის მერმა განცხადება ე.წ. დეზერტირების ბაზართან დაკავშირებითაც გააკეთა. კახა კალაძის განმარტებით, ბაზართან ხმაურის მიზეზი გახდა ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ. როგორც მერი აღნიშნავს, ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რისთვისაც მერიისგან მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა. კახა კალაძის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს იქ დასაქმებული ადამიანები. „მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას – უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, იმავე ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“ – განაცხადა თბილისის მერმა.