თბილისის მერის ვიზიტი უნგრეთში
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე განიხილეს.
თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი უნგრეთში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას ეხება. კახა კალაძის გამოსვლა დედაქალაქში განხორციელებული პროექტების გარდა ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს და გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლასაც მიეძღვნა. აქცენტირება მშვიდობის დაცვაზე, ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკა, მეორე ფრონტის გახსნის მიზნით დაწყებული ზეწოლა ოფიციალურ თბილისზე, ევროინტეგრაციის თემის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება და გადატრიალების მცდელობები – ამ თემებზე გაამახვილა მერმა ყურადღება და უნგრეთის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მიმართვის დროს თბილისის მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეებს მისი, როგორც ცოტა ხნის წინ მესამე ვადით არჩეული თბილისის მერის პრიორიტეტები და გეგმებიც გააცნო.