თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოში

სროლა საელჩოს შენობაში.

ირანში აზერბაიჯანის დიპლომატიური მისია შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა. კალაშნიკოვის იარაღით შეჭრილმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დაჭრილია დაცვის ორი თანამშრომელი, რომლებიც დამნაშავის განიარაღებას და შეჩერებას ცდილობდნენ. აზერბაიჯანი თეირანიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაციას გეგმავს. ოფიციალური ბაქო ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს და ვენის კონვენცია შეახსენეს, რომელიც მიმღებ ქვეყანას საელჩოს შენობის დაცვას ავალდებულებს. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი ირანის მოქალაქე უკვე დაკავებულია. ამ ეტაპზე ირანი თავდასხმის პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ამ ვერსიას არ ეთანხმება. სამინისტროში მისულ ირანის ელჩს ირანში ბოლო პერიოდის ანტიაზერბაიჯანული კამპანიაც შეახსენეს.