სასტიკი თავდასხმა „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფსა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებზე. ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩებიან. მათ გუშინ ღამით ბესიკის ქუჩაზე ნიღბიანი პირები ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ისინი პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობდნენ. კადრებში ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდებიან უცნობი, შენიღბული პირები მედიის წარმომადგენლებს.
ამ თავდასხმამდე ნიღბიანი პირები ამავე ქუჩაზე მდებარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისთან გამოჩნდნენ, სადაც თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს კობა ხაბაზი და კოალიციის კიდევ ერთი წევრი – დუტა პეტრიდისი.
ამავე პერიოდშია ნაცემი მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელიც ჰყვება, რომ ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა თავდამსხმელები და ზოგადად სიტუაცია არ გაანეიტრალეს. შსს-ში აცხადებენ, რომ თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია.