საბრძოლო მასალის გაყიდვის საქმე

თავდაცვის სამინისტროდან საბრძოლო მასალის გაყიდვის ბრალდებაზე სამი პირის წინააღმდეგ სასამართლომ პროკურატურის მთავარი მოწმე დაკითხა.

უწყების მოქმედმა თანამშრომელმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ სამხედრო პირებმა, გიორგი გოგოჩაშვილმა და ზურაბ მანგოშვილმა მისი მეშვეობით თავდაცვის სამინისტროს საწყობიდან საბრძოლო ვაზნები გაიტანეს. მისი თქმით, ვაზნები მასთან ერთად საწყობიდან გოგოჩაშვილმა გაიტანა, შემდეგ კი მანგოშვილს გადასცა.

საქმეზე ბრალდებული სამხედროები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ, თუმცა არ იზიარებენ პროკურატურის ბრალდების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, ჯამში 70 ათას ლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალაა გატანილი.

რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, ის მოქალაქეა, რომელსაც სამხედრო პირმა ვაზნები მიუტანა. სოლომონ ბლუაშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-რეალიზაციას ედავებიან.