თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილს უჩივის

თავდაცვის სამინისტროდან სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი მორიგი წინასაარჩევნო დაძაბულობის მიზეზი ხდება.

ტელეკომპანია „ფორმულა“ მედიაზე შეტევად და ტელევიზიის დახურვის მცდელობად აცხადებს სარჩელს, რომელშიც თავდაცვის უწყება დავით კეზერაშვილისგან მისი მინისტრობის პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. საქმე ეხება 2008 წლის 10 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელზეც სამი კვირის წინ უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 13 წლის წინ კეზერაშვილმა სამინისტროდან თითქმის ხუთი მილიონი ევრო ოფშორულ ზონაში მეგობრის კომპანიას გადაურიცხა, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები კი, რაც წვრთნების ჩატარებას გულისხმობდა, საერთოდ არ შესრულებულა. თავდაცვის სამინისტრო ზარალის ასანაზღაურებლად „ფორმულას“ დაყადაღების მოთხოვნას კატაეგორიულად უარყოფს, თუმცა დღევანდელ სარჩელს სწორედ მის ტელევიზიასთან ბრძოლის და მოახლოებული არჩევნების კონტექსტში განიხილავს დავით კეზერაშვილი, რომელიც დღის ბოლოს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.