„ტავაფა ეზიდის“ დღესასწაული

თბილისის „სულთან ეზიდის“ ტაძარში „ტავაფა ეზიდი“ აღინიშნება. ეს ეზიდების ტაძრისადმი მიძღვნილი დღესასწაულია, რომლის დროსაც სასულიერო პირები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ და უძველეს რელიგიურ მსახურებას ატარებენ. რელიგიური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართება. ცერემონიის დასკვნით ნაწილში კი, მოეწყობა საზეიმო მიღება, რომელსაც სხვადასხვა დიპლომატიური მისიების წევრები და საქართველოში მოღვაწე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ეზიდებს ტაძრის გახსნის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ულოცავს და საქართველოში მცხოვრებ ეზიდთა თემს მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

ეზიდებს დღესასწაულს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრიც:
„მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს. ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი. ჩვენ ერთად ვაშენებთ ქვეყნის მომავალს და ერთად ვზრუნავთ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია.” – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.