ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმეებზე მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მეშვეობით არის შესაძლებელი დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისი მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

მინისტრის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩადენილი ქმედებები წარმოადგენს დისკრიმინაციას ეთნიკურ ნიადაგზე. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღესვე შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან. აქაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების საკითხი იქნება.