ამ წუთებში თურქეთში, ედირნეს პროვინციაში ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის „ტანაპის“ პროექტის ინაუგურაცია იწყება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესწრებიან.
მილსადენის ამოქმედების შემდეგ, ევროპა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით, ბუნებრივ აირს მიიღებს. საქართველო კი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. ევროპისთვის განკუთვნილმა ბუნებრივმა აირმა სწორედ საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა გაიაროს. შესაბამისად, შესაძლებლობა გვეძლევა, მალე კიდევ უფრო მეტი იაფი გაზი მივიღოთ. ასევე, პროექტის მიზანი რუსულ გაზზე ნაკლები დამოკიდებულებაა.
პირველ ეტაპზე ტანაპის გამტარიანობა წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება. აქედან 6 მილიარდი თურქეთს მიეწოდება, დანარჩენი კი ევროპას, სადაც ბუნებრივ აირს, ტაპის მილსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში მიიღებენ.