თანამშრომლობა აზერბაიჯან-საქართველოს შორის

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან, რაშად ნაბიევთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე, მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. როგორც აღინიშნა, ეს ქვეყნებს მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მისცემს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება.