თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი პროკურატურას საქმის არასათანადო გამოძიებაში ადანაშაულებს და სათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალებში დაფიქსირებული სუს-ის ბალანსზე არსებული სამი ავტომობილის გადაადგილების შესახებ დამატებით ვიდეოებს ითხოვს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმეზე დართული კამერების ჩანაწერებში დაფიქსირებული სუს-ის სამი ავტომობილი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს გარდაცვალებამდე გარკვეულ მონაკვეთზე  დაემგზავრა და შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე შევიდა, ეჭვებს უჩენს და ბაზიდან უკან გამოსვლის კადრების გამოთხოვას ამიტომ ითხოვს. თუმცა, საგამოძიებო უწყებამ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ავტომობილებს, რომლებიც კადრებში ჩანს, საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

ამასთან, მიხეილ რამიშვილი გამოძიებას სატელიტიდან გადაღებული ფოტოების დაზარალებულისთვის გადაცემასაც სთხოვს, საუბარია იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაჩალიაშვილი ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ადვოკატი არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, რომ ხუთი დღე ავტომობილი იმ ადგილას იდგა, სადაც ბაჩალიაშვილი მწყემსმა იპოვა და მისი თქმით, სატელიტიდან გადაღებული ფოტოებით ეს უნდა დადასტურდეს. ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გეგმავს.