„თაღლითური ქოლცენტრების საქმე“

ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე სხდომა სასამართლოში გვიან ღამემდე გაგრძელდა. ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მათგან სამი დაკავებულია, ორი კი მიმალვაში იმყოფება. ესენი არიან ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა, რომლებიც, პროკურატურის ინფორმაციით, ქოლცენტრის არაოფიციალური მეწილეები და მმართველები იყვნენ.

წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს ჩაინიშნა. პროკურატურის მტკიცებით, „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, დავით კეზერაშვილთან, მის დასთან და დისშვილთან მილიონ დოლარზე მეტი აქვს გადარიცხული იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ევროპული ქვეყნების მოქალაქეების თანხებს თაღლითურად ეუფლებოდა. ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა ორი კვირის წინ ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი მისცეს პასუხისგებაში. საგამოძიებო უწყების ცნობით, დაზარალებულები გერმანიის, სლოვაკეთისა და სლოვენიის მოქალაქეები არიან.