საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. საქმე ეხება საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს, რის შედეგადაც ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ამერიკული ავიაკომპანიის წარმომადგენლის სახელით, ცრუ შეტყობინება და ყალბი ინვოისი გაუგზავნეს ფრანგულ კომპანიას და გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი 450 000 დოლარი მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში არსებულ საწარმოზე.
თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 30 000 დოლარი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გაიტანეს, რაც წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი – 420 000 დოლარი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას დაედო ყადაღა, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიას დაუბრუნდება. საქმეზე გრძელდება გამოძიება.