თაღლითობის ფაქტი გოგელიას კლინიკაში

ექსპერტიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, 35-მდე მოქალაქე გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინით აცრეს.

75 ლარი, რომელიც თითოეულ მათგანს წინასწარ გადაახდევინეს, დაზარალებულებს ჯერ არ დაბრუნებიათ. ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო თაღლითობის მუხლით იძიებს. დაზარალებულები უკვე გამოკითხეს, თუმცა პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არის მიცემული. უცნობია, დაკითხეს თუ არა სამართალდამცავებმა გიორგი ჩენდლერი, რომელმაც მოქალაქეები პირადად აცრა და ამპულების ჩვენების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დაწესებულებიდან გაიქცა. როგორც გაირკვა, მას სერთიფიკატის გაყალბების გამო საექიმო ლიცენზია ერთი წლის წინ ჩამოართვეს. აღმოჩნდა, რომ ჩენდლერი თბილისში მოქმედ კიდევ სამ კლინიკას ხელმძღვანელობდა. ოთხივე სამედიცინო დაწესებულება მოქალაქეებს „პისიარ“-ტესტების სერვისსაც სთავაზობდა.