სვენ მიქსერი თბილისში

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი დეპუტატი თბილისშია სვენ მიქსერი ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილით და რეკომენდაციით ესტუმრა.

ევროპელი პოლიტიკოსი დღეს პარლამენტის გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომას დაესწრო, რომელზეც ოპოზიცია თითქმის მთელი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. როგორ ასრულებს ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს – ამ კონტექსტში დღეს მიქსერმა არაერთი საინტერესო მინიშნება გააკეთა. რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმის და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე მითითების გარდა ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებმაც მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები უნდა გადაჭრას. პოლიტიკური ანტაგონიზმის შემცირება ევროპარლამენტარის მთავარი რეკომენდაციაა. ევროპელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში კომპრომისებზე წასვლის ნაკლებობაა.