სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, ამ დროისთვის რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, დაკავების შესახებ დილით ოჯახის წევრებისგან შეიყო და ახლა დეტალების გარკვევას ცდილობს. სუს-ის განცხადებით, 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ძებნილი პირი დაკავებულია. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.