სუს-ის განცხადება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო, გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით არის დაწყებული, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან.
დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ავარიიდან მოკლე დროში, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების ნაწილს. ამ დროისთვის კი ქვეყნის მასშტაბით შეფერხება აღმოფხვრილია. გაჩერდა მეტრო და რკინიგზა, თუმცა მგზავრთა გადაყვანის პროცესი უკვე აღდგენილია. პარალელურად, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც, საქართველოს ელექტროსისტემის განცხადებით, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.