შსს – ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს

01:58, 27.11.2026

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, – ამის შესახებ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

„ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენის“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი