სტიქია ბრიტანეთში

ქარიშხალმა „ბერტმა“ ირლანდიასა და ბრიტანეთში პრობლემები შექმნა. ქარიშხალს თან ახლავს ძლიერი წვიმა. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაკეტილია რამდენიმე სარკინიგზო ხაზი, ხიდი და გზა. პოლიციის ინფორმაციით, ინგლისში, ერთ-ერთ გზატკეცილზე ავტომობილს ხე დაეცა და მძღოლი დაიღუპა. თოვლითაა დაფარული ნიუკასლის აეროპორტი, რის გამოც ფრენები დროებით შეფერხდა. შოტლანდიაში უამინდობის გამო რამდენიმე სარკინიგზო რეისი შეჩერდა. რაც შეეხება ირლანდიას- საავტომობილო გზები დატბორილია, ათობით ათასი მომხმარებელი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ირლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გარკვეულ ტერიტორიაზე წვიმის გამო უმაღლესი, წითელი დონის გაფრთხილება გამოაცხადა.