სტატია მემარჯვენე კანდიდატების შანსებზე
„ტრამპის სტილის ნაციონალიზმი მთელ მსოფლიოში მძვინვარებს. იქნება თუ არა საფრანგეთი შემდეგი, ლე პენის მიერ წარმატების გამეორებით?“- ამ სათაურით სტატიას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ფრანგმა პოლიტიკოსმა და იურისტმა მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატურა წამოაყენა იმ იმედით, რომ გლობალურ პოლიტიკურ ქანქარაზე იმოქმედებს, რომელიც სოციალიზმიდან და მემარცხენეობიდან – მემარჯვენეობისკენ ირხევა. სტატიის თანახმად, ბევრ ქვეყანაში ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იგივე ექსპერიმენტით: სოციალური სახელმწიფოების ზრდა, ღია საზღვრების პოლიტიკა, იდენტობაზე ორიენტირებული მმართველობა და ზეეროვნული წესები, რომლებმაც სტაგნაცია, დაუცველობა და ეროვნული სუვერენიტეტის ჩუმი ეროზია გამოიწვია. სტატიის მიხედვით, ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი შესაძლოა გახდეს ბოლო გაჩერება იმ კორექციისა, რომელიც უკვე თვალსაჩინოა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, სადაც 2022 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა „იტალიის ძმების“ პარტიის წარმომადგენელი ჯორჯია მელონი, რომელიც მემარჯვენე კოალიციურ მთავრობას ხელმძღვანელობს. სტატიაში მაგალითებად ასევე მოყვანილია ნიდერლანდებში ხეერტ ვილდერსის “თავისუფლების პარტიის”, შვედეთის მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკის და პოლონეთში კონსერვატორი კაროლ ნავროცკის წარმატებები. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც USAID-ი ტრამპის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა დაშლა, ე.წ. მემარჯვენე კანდიდატებმა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გამარჯვებების სერია მოიპოვეს. ამის მაგალითებად მოყვანილია ბოლივიაში, ჰონდურასში, ჩილეში, კოსტა რიკაში და პერუში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.