ვაშინგტონში სროლა იყო. 31 წლის მამაკაცმა აშშ-ის კაბინეტის წევრების მისამართით ცეცხლი გახსნა. თავდასხმა თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე მოხდა, რომელიც სასტუმრო „ჰილტონში“ იმართებოდა. მიღებას აშშ-ის პრეზიდენტი, პირველი ლედი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი ესწრებოდნენ. ინციდენტის დროს, სულ მცირე, ხუთიდან რვამდე გასროლა განხორციელდა. ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია. მედიის ცნობით, თავდამსხმელი 31 წლის კოულ ტომას ალენია კალიფორნიიდან. როგორც ირკვევა ის მასწავლებელი და ვიდეოთამაშების შემქმნელია. ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი ედება იარაღთან დაკავშირებულ ორ დანაშაულში, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველზე სასიკვდილო თავდასხმაა. უფრო კონკრეტულად, სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ფოიეში იარაღითა და დანებით შეიარაღებული შეიჭრა და საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა, შემდეგ კი საბანკეტო დარბაზისკენ გაემართა. მედიის ცნობით, მამაკაცი „ჰილტონის“ სასტუმროს სტუმარი იყო და ის სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. როგორც ამერიკული მედია წერს, ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ, თუმცა მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდარის შემდეგ, სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ფოტოსურათი გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველწლიური ღონისძიება სავარაუდოდ 30 დღით გადაიდება.