სროლა თეთრი სახლის კორესპონდენტების მიღებაზე - ევროპელი ლიდერების გამოხმაურება
ვაშინგტონში სროლა იყო. 31 წლის მამაკაცმა თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, სასტუმრო „ჰილტონში“ ცეცხლი გახსნა. მიღებას აშშ-ის პრეზიდენტი, პირველი ლედი, შტატების ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი ესწრებოდნენ. ინციდენტის დროს, სულ მცირე, ხუთიდან რვამდე გასროლა მოხდა. ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია. მედიის ცნობით, თავდამსხმელი 31 წლის კოულ ტომას ალენია კალიფორნიიდან. როგორც ირკვევა ის მასწავლებელი და ვიდეოთამაშების შემქმნელია. ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი ედება იარაღთან დაკავშირებულ ორ დანაშაულში, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველზე სასიკვდილო თავდასხმაა. უფრო კონკრეტულად, სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ფოიეში იარაღითა და დანებით შეიარაღებული შეიჭრა და საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა, შემდეგ კი საბანკეტო დარბაზისკენ გაემართა. მედიის ცნობით, მამაკაცი „ჰილტონის“ სასტუმროს სტუმარი იყო და ის სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. როგორც ამერიკული მედია წერს, დაკავებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ, თუმცა მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდარის შემდეგ, სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ფოტოსურათი გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველწლიური ღონისძიება სავარაუდოდ 30 დღით გადაიდება.
„ძალადობის ადგილი დემოკრატიაში არ არის“– ამ საერთო გზავნილით ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში მომხდარ თავდასხმას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი წერს, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მკაცრად უნდა იყოს დაგმობილი.
პოლიციასა და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდის ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც მომხდარს მიუღებელს უწოდებს. „თავისუფალი პრესის მიმართ პატივისცემის გამოსახატად გამართული ღონისძიება არასდროს არ უნდა იქცეს შიშის სცენად”- ეს განცხადება კი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გააკეთა. მან დაშავებულ პოლიციელს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ინციდენტს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონი თავდასხმას გმობს, დონალდ ტრამპს კი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, მისი მეუღლისა და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონიც. „ჩვენს დემოკრატიებში ადგილს ვერანაირი პოლიტიკური სიძულვილი ვერ იპოვის. არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა მოწამლოს თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის ადგილები“ – წერს იტალიის პრემიერი.