სროლა თეთრ სახლთან - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

თეთრი სახლის საკონტროლო პუნქტთან სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დაჭრეს, მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. „როიტერი“ აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამაკაცი თეთრი სახლის მახლობლად, მე-17 ქუჩისა და პენსილვანიის ავენიუს საკონტროლო პუნქტს მიუახლოვდა, ჩანთიდან იარაღი ამოიღო და ოფიცრების მიმართულებით სროლა დაიწყო. სამართალდამცველებმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ეჭვმიტანილი დაჭრეს. ასევე, მედიის ცნობით, სროლის შედეგად გამვლელი დაიჭრა. დაშავებულის შესახებ დეტალები უცნობია, ასევე უცნობია, გამვლელი თავდამსხმელის სროლის დროს დაშავდა თუ საპასუხო ცეცხლის გახსნისას. ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი ემოციურად არასტაბილურ პირად იყო მიჩნეული და მის მიმართ „მიახლოების აკრძალვის“ ბრძანება იყო გაცემული. როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, სამართალდამცველებს შორის არავინ დაშავებულა. უწყებამ ასევე დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა.