ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა. რეისი მასკატიდან – თბილისის მიმართულებით 7 მარტს 23:00 საათზე შესრულდება. საქართველოში გამოსაფრენად მზადდება კიდევ ერთი რეისი. გეგმის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები მასკატიდან ხვალ 19:00 საათზე გამოფრინდებიან. მანამდე კი ომანის დედაქალაქიდან თბილისში სპეციალური რეისი დღეს დილითაც შესრულდა. სამშობლოში საქართველოს 168 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეებმა, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, სხვადასხვა ავიაკომპანიის საშუალებით სამშობლოში გამოფრენას ვერ ახერხებენ, საელჩოებს უნდა მიმართონ და რეგისტრაციის პროცედურები გაიარონ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ახლო აღმოსავლეთში საქართველოს 200-მდე მოქალაქე იმყოფება. რაც შეეხება უკვე დაბრუნებულ მგზავრებს, ბოლო დღეებში შესრულებული სამი რეისით სამშობლოში 500 ადამიანი ჩამოვიდა.