სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში გამოძიება მიმდინარეობს. „გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რის გამოც, გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის №8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, №8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.