სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

სომხეთი დიდი ინტერესს ავლენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივი დიალოგის განვითარების საკითხში. ერევანი შესაძლო თბილისურ პლატფორმას განიხილავს სამმხრივი რეგიონული დისკუსიებისთვის და არა სომხურ-აზერბაიჯანული ორმხრივი შეხვედრებისთვის. ამის შესახებ სომხურ მედიასთან საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა. მირზოიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, სადაც ალიევმა აღნიშნა, რომ ერევანი მზად არ არის თბილისში გასამართი შეხვედრისთვის.

„ახლა ცირკულირებს სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის იდეა. სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა და ახლაც მზად არის ასეთი შეხვედრისთვის, თუმცა დამეთანხმეთ, რომ ის არ გამოიყურება განსაკუთრებულად ეფექტიანად და პერსპექტიულად, როდესაც შეუძლებელია სიძულვილისა და მტრობის ენის აღმოფხვრისადმი ერთგულების გამომხატველი მარტივი ერთობლივი განცხადების შეთანხმებაც“, – განაცხადა მირზოიანმა.

სომეხი დიპლომატი ასევე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონულ მექანიზმებში და ითანამშრომლებს ყაზახეთთან, უზბეკეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან.