სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი - მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრი, დაბომბილი პოზიციები და გარდაცვლილები; ბაქოში ათასობით ადამიანი სომხეთთან სრულმასშტაბიან ომს ითხოვს, საერთაშორისო საზოგადოება კი მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრია.

კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთის პოზიციებს ბომბავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩამოგდებულია ორი აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი. შეტაკებების დროს ყველა ტიპის სამხედრო შეიარაღებაა გამოყენებული. სასაზღვრო მონაკვეთი, რომელიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის ახალ კერად იქცა და რომელსაც საქართველოს საზღვრიდან 40 კილომეტრი აშორებს, დასახლებულ პუნქტებთან ახლოსაა. იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. საერთაშორისო საზოგადოება ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს, თუმცა სიტუაციის დეესკალაცია ჯერ ვერ ხერხდება.

დაპირისპირების მეოთხე დღეს კონფლიქტში სამხედრო ავიაციის ჩართვის საფრთხე ჩნდება. სომხეთი მზად არის საჭიროების შემთხვევაში  ქვეყნის საზღვარზე უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად  ავიაცია გამოიყენოს. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება  საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკასაც.   შეტაკებების ადგილი არც თუ ისე შორსაა იმ სტრატეგიული მილსადენებისგან, საიდანაც მსოფლიოს ნავთობისა და გაზის საკმაოდ დიდი მარაგები  მიეწოდება.