„28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთების განლაგება, მათი სტრატეგია და ქცევა ცხადს ხდის მათთვის მიცემულ დავალებას, ყოფილიყვნენ სასტიკები და პერსონალურად დაესაჯათ აქციის აქტიური მონაწილეები, დაენერგათ შიში. საპოლიციო შენაერთები კი განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამხელენ ყველაზე ცხადად მათ მიერ ჩადენილ განზრახ დანაშაულს“, – ეს არის ამონარიდი ტექსტიდან, რომელიც სოლიდარობის აქციის საორგანიზაციო ჯგუფმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. ჩვენ არ მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები. სამწუხაროდ ადამიანის, განსაკუთრებით ჟურნალისტური საქმიანობის უფლებებზე მონიტორინგისა და რეაგირების ყველა სახელმწიფო უწყება და არალეგიტიმური რეპრესიული ვერტიკალის ინსტრუმენტებადაა გადაქცეული. მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების მიერ წახალისებული და განხორციელებული არცერთი შემთხვევა სათანადოდ არ იქნა გამოძიებული და დამნაშავე სათანადოდ დასჯილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოლიდარობის აქცია დღეს 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩაინიშნა.