სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისაუბრეს თარიღის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკული მოვლენები. ირაკლი ღარიბაშვილმა, შალვა პაპუაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც. გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მინისტრმა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა.