სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან არიან შეკრებილი. ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპანიის საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ და ამ პროცესში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ. შუქრუთის მცხოვრებლები უკვე მე-20 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ ოჯახებმა კომპენსაცია სამხარაულის ექსპერტიზის შეფასების საფუძველზე მიიღონ.  მათივე თქმით, ზარალის ანაზღაურებას 2019 წლიდან ითხოვენ, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები მათ პირობებს არ ეთანხმებიან. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, შუქრუთის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც მართავენ აქციებს, მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ამბობს, რომ 11 ოჯახს, რომლებიც პროტესტს აგრძელებენ, სავარაუდოდ შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებთ. ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, კომპანია თანახმაა, ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე, ზიანის ოდენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვროს.